ჩვენს შესახებ

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის ახალი სიტყვა- საქართველოში სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესების განვითარების კუთხით.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თანამედროვე რეალობაში მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნაკლები ყურადღება ეთმობა და მათი პოპულარიზაციაც იშვიათად ხდება. იმის მიუხედავად, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ხშირად დამწყები ავტორების დებიუტთან და აუდიტორიასთან პირველ წარდგენასთანაა დაკავშირებული. ამგვარად, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის უნიკალური შესაძლებლობა ახალბედა რეჟისორებისათვის. ეს იქნება შესაძლებლობა დებიუტანტი რეჟისორებისთვის აუდიტორიას აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები, განვითარდნენ პროფესიულად და დაამყარონ საერთაშორისო კავშირები.

საგანმანათლებლო მხარის წინა პლანზე წამოწევის მიზნით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საინტერესო მასტერკლასები, ლექციები და ინტერაქციული დისკუსიები.
ფესტივალის მიზანია საგანმანათლებლო ასპექტითაც გამორჩეული გახდეს და კინოს პოპულარიზაციის ხელშემწყობ სივრცედ იქცეს.

ფესტივალი მნიშვნელოვანი არის  უშუალოდ ქუთაისის კულტურული ცხოვრების გაცოცხლებისა და კინემატოგრაფიულ ტრადიციასთან მიბრუნების კუთხითაც. ეს არის ქალაქი საინტერესო კულტურული მემკვიდრეობით, არა მხოლოდ კინოს სფეროში, არამედ ზოგადად ხელოვნებაში. ამ მემკვიდრეობის წარმოჩენა, ილუსტრაცია ფესტივალის თანმხლები ნაწილი გახდება.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის ერთ-ერთი პირველი ფესტივალი, სადაც მოხდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა.

თანამედროვე კინემატოგრაფსა თუ კინოს ისტორიაში არის არაერთი უნიკალური მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის ჩვენება და განხილვა საინტერესოა კინო ენის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. ( მათ შორისაა მიხეილ კობახიძის ფილმებიც )

ჩვენთვის კარგად ცნობილი რეჟისორების დიდი ნაწილი, სწორედ მოკლემეტრაჟიანი ფილმებით იწყებს მოღვაწეობას და ამ ფილმების ნახვა, ხელახლა აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფილმებში იწყება მათი სტილისა და საავტორო ხედვის ფორმირება.

გარდა ამისა, კინოს ისტორიაში უამრავი საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელსაც მაყურებელი ნაკლებად იცნობს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების პოპულარიზაცია და მათი კვლევა, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების გაქირავების პრობლემებზე მსჯელობა- ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის თავისუფალი სივრცე კინოს სფეროს წარმომადგენლებისათვის, ხელოვანებისა და მკვლევარებისათვის. ფესტივალი კინემატოგრაფის მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით, თეორიული და საკვლევი პლატფორმის შექმნასაც შეუწყობს ხელს. ფილმების გაციფრულება, რეტროსპექტივები, ლექციები, მასტერკლასები, საერთაშორისო დელეგაციების, კინოსკოლების ვიზიტები ამის გარანტი იქნება.

ფესტივალი ცოცხალი პროცესია, რომელიც კონკრეტული ქალაქის - ქუთაისის კულტურულ ცხოვრებას განავითარებს და ქვეყნისთვისაც ახალი სახელოვნებო წერტილი გახდება. საფესტივალო ცხოვრება მხოლოდ ფესტივალის პერიოდში არ გულისხმობს აქტიურობას. ეს არის მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და მასპინძლობა.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, არის პირველი ფესტივალი საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე კინოს კვლევის ლაბორატორიის შექმნას. ასევე, რიგი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებისა და გამოფენების ორგანიზებას. ყველა ამ პლატფორმის დამაგვირგვინებელი და გამაერთიანებელი ბირთვი კი, უშუალოდ კინოფესტივალი იქნება.

დაგვიკავშირდით

დატოვე შენი ნაკვალევი

გამოგზავნე ფილმი