კინოენის ნოვატორი და ჭეშმარიტი მეამბოხე ავტორი, რომელიც გვაჩვენებს კინომედიუმის შესაძლებლობებს, მუდმივად ეძებს გამოხატვის ახალ ფორმებს და მაყურებელს თამაშში იწვევს. ჟან ვიგოს ფილმოგრაფია მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარს ითვლის (29 წლის ასაკში გარდაიცვალა), თუმცა კინოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს და არაერთი ავტორისთვის იქცა შთაგონებად, მათ შორის ფრანგული ახალი ტალღის წარმომადგენლებისთვის. ფრანსუა ტრიუფო ერიკ რომერთან საუბრისას იხსენებს, რამდენად მძაფრი და დაუვიწყარი იყო ვიგოს ფილმების ნახვის პირველი შთაბეჭდილება და რამხელა ზეგავლენა იქონია მასზე.

ჟან ვიგოს ნამუშევრების უმრავლესობა მოკლემეტრაჟიანია, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმია „ნული ყოფაქცევაში“ (Zéro de conduite, 1933). სწორედ ეს ნამუშევარი იქცევა აჯანყებისა და მეამბოხე სულისკვეთების, თავისუფლების იმპულსის ილუსტრაციად კინემატოგრაფში. მეამბოხე ბავშვები, რომლებიც არ ემორჩილებიან წესებს, უსამართლობას, ჩაგვრას, ხმაურითა და ყიჟინით უპირისპირდებიან უფროსებს და იპყრობენ ეკრანს, მათი აჯანყება საზეიმო მსვლელობითაც გვირგვინდება. ვიგო ბავშვების სამყაროს, მათი პროტესტისა და მეგობრობის, გულწრფელობისა და, რაც მთავარია, თამაშის საჩვენებლად საინტერესო ფორმას პოულობს, თავადაც მუდმივად ახალ ხრიკებს, ოინებსა და ხერხებს იგონებს მათი მდგომარების, განწყობის საჩვენებლად.

ჟან ვიგოს ასევე გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები ნიცაზე, მოცურავე ჟან ტარისზე ( À propos de Nice 1930,  Taris  1931) – სადაც აყალიბებს თავის ხელწერას, ერთ შემთხვევაში ქმნის კონკრეტული ადგილის ცოცხალ პორტრეტს, მოიხელთებს იქ არსებულ რეალობას, ყოფით სცენებს, ცხოვრების რიტმს (რიგი ტექნიკური მიგნებებითა და  მისთვის ჩვეული იუმორისტული პასაჟებით). მეორე ფილმში კი მოცურავის სხეულის მოძრაობის შესწავლას ცდილობს კინოკამერის მეშვეობით, გვაჩვენებს წყალქვეშა ქორეოგრაფიას, რასაც მოგვიანებით თავის სრულემტრაჟიან ფილმში გამოიყენებს. მის სრულმეტრაჟიან ფილმშიც (L’Atalante, 1934) ვხედავთ იმ დეტალებსა და კინოენას, რომელსაც ვიგო მოკლემეტრაჟიან ფილმებში ხვეწს. მისი ყველა ფილმის ოპერატორია ბორის კაუფმანი, ასევე ნოვატორი რეჟისორის, ძიგა ვერტოვის ძმა, რომელიც შემდგომში მუშაობდა სიდნი ლუმეტთან, ელია კაზანთან და არაერთ სხვა ცნობილ რეჟისორთან. ისინი ერთად ქმნიდნენ ჟან ვიგოს ფილმების დაუვიწყარ ესთეტიკასა და ხედვას.